სიახლეები

31
აგვისტო2018

კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტს, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება

სამოქალაქო საზოგადოებასთან რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და მიზეზად კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ამის ნაცვლად, პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დააკისროს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს. 

მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს.  

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა.

სხვა სიახლეები

არქივი

14 ნოემბერი, 2018

რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

06 ნოემბერი, 2018

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და ამავდროულად საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია

04 ნოემბერი, 2018

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია

26 ოქტომბერი, 2018

საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია