სიახლეები

18
მარტი2013

GDI-სა და ფონდ ALPE-ს ერთობლივი განცხადება

გასულ კვირას, სატელევიზიო ეთერით რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მაღალი თანამდებობის და კერძო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული შემთხვევები განსხვავებული ხასიათის გახლდათ. ერთ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით. მოგვიანებით, აღნიშნული განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი განმარტება გააკეთა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ. ამ უკანსკნელის განცხადებით „როცა საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს ეხებათ, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე გასაჯაროვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვისა და სამოქალაო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ადგილობრივ მედია საშუალებაში გამოქვეყნებული მასალა და ჟურნალისტის მიერ პრემიერისადმი დასმული შეკითხვა, რომელიც ამ უკანასკნელს შეეხებოდა დაუკავშირა ჟურნალისტის ოჯახის წევრისადმი ფოთის თვითმმართველობის მიერ სამკურნალოდ თანხის გამოყოფაზე უარს.

იმისათვის რათა საზოგადოება შეყვანილი არ იქნას  შეცდომაში ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო გარანტიების შესახებ, საჭიროდ მივიჩნევთ წარმოგიდგინოთ  ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა.

პირადი საიდუმლოება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

ხსენებული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტის მე-17 მუხლით.

კონსტიტუციით დაცული უფლება საქართველოში რეგლამენტირებულია  რიგ შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებში.

როგორც უკვე აღინიშნა, პირადი საიდუმლოებას განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან. მსგავსი ტიპის ინფორმაციის დაცვისათვის სათანადო წესების რეგულირება ხდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ (პერსონალური მონაცემების დაცვა), „საგადასახადო კოდექსით“ (საგადასახადო საიდუმლოების დაცვა), საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დაცვა), საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაცვა) და სხვა.

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“ აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნორმა საშუალებას იძლევა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობაში გაუთვიცნობიერებელ პირს, ხსენებული ნორმის საფუძველზე, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირთა (აგრეთვე კანდიდატთა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც ღია უნდა იყოს, რაც ასე არ არის.

პერსონალური მონაცემის ცნებას (რომელსაც ხსენებულ შემთხვევაში ხელმისაწვდომს ხდის კანონი) ადგენს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და რომელსაც მიაკუთვნებს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ამავროულად ხსენებული საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემებისაგან განასხვავებს და დამოუკიდებლად განსაზღვარს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის“ ცნებას, რომელიც მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ამავე კანონის მე-6 მუხლი კი გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე.

შესაბამისად ცალსახაა, რომ ხსენებულ თანამდებობის პირებს არ ჰქონდათ უფლება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე გაესაჯაროებინათ. საქართველოს კანონმდებლობა არ ხდის ამ ტიპის ინფორმაციას ხელმისაწვდომსა და საჯაროს მაშინაც კი, როდესაც საკითხი თანამდებობის პირებს შეეხებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ერთერთ შემთხვევაში მოქალაქემ ინფორმაცია დახმარების მისაღებად მიაწოდა თვითმმართველობის ორგანოს და სწორედ ეს ინფორმაცია გახდა საზოგადოებისათვის საჯარო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დასახელებულ თანამდებობის პირებს მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა პირადი საიდუმლოების ხელყოფა ან საქართველოს კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციის გამო სხვა პირთა მიერ მსგავსი უფლებადარღვევა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ფონდი ALPE