სიახლეები

05
ივნისი2020

ISFED, GDI და HRC პანდემიის პირობებში უფლებაშელახულ პირთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებენ

 

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ახორციელებს ახალ პროექტს - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. პროექტის მიზანია პანდემიის ფარგლებში არსებული საგანგებო მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობა და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უფლებაშელახულ პირთა მხარდაჭერა.

ახალი კორონავირუსის - Covid-19 გავრცელების კვალდაკვალ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თუ მის მიღმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა არაერთი სამართლებრივი პრობლემა გამოავლინა. გამოიკვეთა როგორც არსებული კანონმდებლობის ხარვეზები, ასევე საჯარო და კერძო ინტერესებს შორის კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ბალანსის დაცვის სირთულე, რამაც გაზარდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის  საფრთხე.

პროექტის მიზანია: საგანგებო მდგომარეობისა და მისი წინა თუ შემდგომი ფაზის ფარგლებში ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის რეალიზების ხელშეწყობა; საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული ვითარების მარეგულირებელ ნორმატიულ სივრცეში ხარვეზების აღმოფხვრა და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება. პროექტის ფარგლებში, ასევე, უფასო იურიდიული დახმარება გაეწევათ იმ პირებს, რომელთა უფლებები შეილახა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

კოალიციურ პროექტში მონაწილე ორგანიზაციები, თავიანთი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს. არსებული საკანონმდებლო სივრცის ანალიზს ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ასევე - საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივებისა და რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს „საქართველსო დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED). საკონსტიტუციო სასამართლოში და უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, სტრატეგიულ სამართალწარმოებას უზრუნველყოფს ასევე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI).

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა შეზღუდეს მათი  უფლებები და თავისუფლებები. სამართლებრივი დახმარება მოიცავს როგორც კონსულტაციას, ისე წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება ასევე საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან, საჭიროებებთან და უფლებადარღვევებთან დაკავშირებით.

პროექტი, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 21 მაისს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

უფასო იურიდიული დახმარების მიზნით დაუკავშირდით ადამიანის უფლებათა ცენტრს:

ტელ.: 2 38 46 48, ელფოსტა: hridc@hridc.org