სიახლეები

29
ივნისი2020

ღია წერილი მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძლებელს და CEO-ს, ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს

29 ივნისი, 2020

 

ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში, „ფეისბუქზე“ გაჩაღებული იყო ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით, რომლის მიზანიც, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო. ამგვარი მეთოდები გამოიყენებოდა გასულ წელსაც ყველა პოლიტიკურად გარდამტეხ მომენტში. 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში მხილებული ანგარიშების წაშლამ მათი უმეტესობის მმართველ პარტიასთან კავშირი გამოავლინა, ხოლო ნაწილს კავშირები ოპოზიციასთან ჰქონდა. ამით დადასტურდა, რომ „ფეისბუქზე“ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობებს გარე მტრული აქტორების გარდა, ასევე ქვეყნის შიდა აქტორების მხრიდანაც აქვს ადგილი. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის ისტორიას თან სდევს ფიზიკური გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების მოგერიება. რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რაშიც დახვეწილ საინფორმაციო ოპერაციებსა და დეზინფორმაცის გავრცელებას იარაღად იყენებს. „ფეისბუქის“ მიერ არაავთენტური ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა. მსგავსი არაავთენტური გვერდები კვლავ იქმნება და ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ თავიდან აიცილონ „ფეისბუქის“ სამომავლო სანქციები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია „ფეისბუქზე“ ძალებს კვლავ იკრებს, ხოლო „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები.

ჩვენ გთხოვთ აქტიურ ქმედებებს რაც გულისხმობს შემდეგს:

  • რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი.
  • უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად.
  • კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ, ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს „ფეისბუქმა“ შეტყობინებით უნდა აცნობოს რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო.
  • „ფეისბუქმა“ უნდა განავითაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
  • აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით.
  • აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
  • „ფეისბუქმა“ უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროვოს გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს „ფეისბუქ“ გვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
  • „ფეისბუქმა“ უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში. 

როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება.

იმედი გვაქვს, „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მოძრაობა „სირცხვილია“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ონლაინგამოცემა პუბლიკა - publika.ge

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

მწვანე ალტერნატივა

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

ტელეკომპანია ფორმულა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ტაბულა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მთავარი არხი

კავშირი საფარი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ევროპის ფონდი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო

მედიასაშუალება ინდიგო

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

ცენტრი „ემპათია“

საზოგადოება და ბანკები

ლიბერალური აკადემია - თბილისი

ონლაინ გამოცემა On.ge

ტელეკომპანია პირველი

ტელეკომპანია კავკასია

სტუდია მონიტორი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„ინტერნიუსი - საქართველო“

თბილისი პრაიდი

საქართველოს მომავლის აკადემია

ფორსეტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC)

ოუ-სი მედია

IWPR საქართველო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია