სიახლეები

12
მაისი2013

განცხადება პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტთან დაკავშირებით

GDI მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტს.  იმავდროულად აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეს ხსენებული დანაშაულის ჩადენასთან.

ასევე მისასალმებელია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, მსგავსი ინფორმაციის შემცველი არქივის განადგურებასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცედურები დროულად განხორციელდება და მასში უზრუნველყოფილი იქნება უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობაც.

როგორც ამ კონკრეტულმა და სხვა შემთხვევებმა ცხადყო, საქართველოს კანონმდებლობა პირადი საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით საჭიროებს გადახედვას, რათა სამომავლოდ უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ამ პროცესს. მათ შორის აუცილებელად ვთვლით ცვლილებების განხორციელებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით.