GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის არაკონსტიტუციურ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

GDI-მ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძის და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 

გასაჩივრებული ნორმების1 მიხედვით, პარლამენტში ჟურნალისტთა  აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. ხსენებული ნორმის საფუძველზე, პარლამენტმა მოსარჩელეებს მმართველი პარტიის წევრისთვის, ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერა.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესად სახელდება პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე. 

GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:

  1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;

  2. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს,  რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;

  3. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.

საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 



___________________________________________
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.