სიახლეები

09
სექტემბერი2022

GDI-ის მორიგი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში

2022 წლის 08 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქართველოს პარლამენტის წევრ თინათინ ბოკუჩავას უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურეს მათ შორის იმ პირებმაც, რომელთა ინტერესებსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.

მიგვაჩნია, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.

ვთვლით, რომ საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საქართველოში უკანონო მოსმენა მიყურადების პრაქტიკაზე.

საჩივრის მომზადება შევძელით საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდამჭერით. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ უკვე მიმართა 7 ივლისს ევროპულ სასამართლოს რამდენიმე სხვა მომჩივნის, ჟრნალისტის და სამოქალაქო აქტივისტის - ქეთევან ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, ნოდარ რუხაძის, მარიამ გეგუჩაძის და ნანა ბრეგაძის ინტერესების დასაცავად.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა „ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ დამატებით 38 ჟურნალისტის ინტერესებს იცავს მათ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საჭიროების შემთხვევაში – გააგრძელებს მათი ინტერესბეის დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.