სიახლეები

12
მარტი2021

„TV პირველის“ წინააღმდეგ მიღებული სასამართლოს განჩინება ძირს უთხრის მედიის არსს დემოკრატიულ საზოგადოებაში

GDI ეხმიანება  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებას, რომლის საფუძველზეც  გაიცა ნებართვა „TV პირველისთვის“ კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ნივთების მოსაპოვლებლად საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩატარების შესახებ და პროკურატურას მიეცა უფლება წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. მიგვაჩნია, რომ „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს არსებითი წვლილი შეაქვს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ლეგიტიმურ საჯარო დისკუსიაში, ის დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ხოლო პროკურატურის ნაბიჯები და სასამართლოს განჩინება ძირს უთხრის მედიის, როგორც დემოკრატიის დარაჯის არსს და მის თავისუფლად არსებობის შესაძლებლობას.

2021 წლის 6 მარტს TV პირველის ეთერიდან გავრცელდა  აუდიო ჩანაწერი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე, რისი ვალდებულაც პროკურატურას აკისრია და აღნიშნულის განხორციელება პროკურატურას მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიისთვის საფრთხის შექმნის გარეშეც შეუძლია, უნდა ითქვას, რომ ჩანაწერის შინაარსი თავისთავად შეიცავს რამდენიმე დანაშაულის ნიშანს.

გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი  თანამონაწილე შესაძლოა იყოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერში ასევე შესაძლოა ფიგურირებდნენ სხვა საჯარო თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში.

GDI-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება „Tv პირველში“ საგამოძიებო მოქმედების- ამოღების ჩატარების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. განჩინება გაცემულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით - მასში არ არის მითითებული ამოღების ჩატარების  ადგილი, არ არის შესწავლილი მინიმალური სტანდარტის დონეზე რეალურად ინახება თუ არა ამოსაღები ნივთები მედიაში და სხვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,“ ხოლო „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.“

საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პროფესიულ საიდუმლოებას მიაკუთვნებს ჟურნალისტის მიერ „პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაციას, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას.“

ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით [კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება] და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.“

უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად:[1] „მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს - პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად „ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის დაცვა პრესის თავისუფლების რეალიზების ბაზისური პირობაა, მსგავსი დაცვის უზრუნველყოფის გარეშე, ინფორმაციის წყაროები თავს შეიკავებენ პრესას მიაწოდონ ინფორმაცია საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. ამ ყველაფრის შედეგად კი ძირი გამოეთხრება  პრესის მთავარ ფუნქციას - Watchdog-ის როლი შეასრულოს და საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია.“(Goodwin v. the United Kingdom, judgment of 27 March 1996, § 39).

ანალოგიურ სამართლებრივ პრობლემას ეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე „Roemen and Schmit v. Luxembourg”, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ჟურნალისტის სახლისა და სამუშაო ადგილის ჩხრეკა, დანაშაულის შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, „სტატიაში განხილული საკითხის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც ჟურნალისტის უფლებაში ჩარევა ვერ იქნება თავსებადი კონვენციის მე-10 მუხლთან.

GDI-ს მიაჩნია, რომ  „TV პირველის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის ფარგლებში სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განესაზღვრა: აუდიო ჩანაწერებით გავრცელებული ინფორმაცია დაცული იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლებით? შეჰქონდა თუ არა ჩანაწერს მნიშვნელოვანი წვლილი ლეგიტიმურ საჯარო დისკუსიაში. ასევე, სასამართლოს უნდა გაეაზრებინა მისი გადაწყვეტილებით რამდენად შეექმნებოდა საფრთხე მედიის არსს და მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიას. ვინაიდან ცალსახაა, რომ საჯარო პირთა პირად სატელეფონო დიალოგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში, არ არსებობს მისი წყაროს გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი და მისი შეზღუდვის გამართლებად ვერ გამოდგება პირადი კომუნიკაციის დაცვის არგუმენტები.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, GDI მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • პროკურატურამ თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინების ნებისმიერი ფორმით აღსრულებისგან, რამაც შესაძლოა მცირედი საფრთხე მაინც შეუქმნას მედიის კონფიდენციალური წყაროს დაცვის პრივილეგიას;
  • განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ფორმალური არგუმენტებით უარი არ თქვას რეალური მართლმსაჯულების განხორციელებაზე და იმსჯელოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებაზე, რა დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მედიის არსს დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • ხელისუფლებამ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული მედიასაშუალებების უფლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის მედიის შინაარს და აფერხებს მის თავისუფალ ფუნქციონირებას.

 



[1] საქართველოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსი“, რომლის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი