2014 წლის 16 მაისს, გარდაბანში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” გამართა დისკუსია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლერანტობის საკითხებზე.
დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი
დისკუსიაზე ისაუბრეს ტოლერანტობის კულტურაზე, თანასწორობის პრინციპებსა და თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე. საუბარი ასევე შეეხო ახლადმიღებულ კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ამ კანონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, თუ რა სიკეთეებს მოუტანს ქვეყანას აღნიშნული კანონის მიღება და როგორ მოხდება მისი აღსრულება.
დისკუსიის მიზანი იყო ხელი შეუწყოს ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.