სიახლეები

04
ნოემბერი2020

არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ამ ცვლილების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3  ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს.

პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

შეჯამების სახით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

კავშირი „საფარი“

მწვანე ალტერნატივა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს მედია-კლუბი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

ინფორმაციის განვითერაბის  თვისუფლების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

რეგიონის განვითარების ცენტრი

საქართველოს ეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)

სამოქალაქო ინიციატივა

სათემო ფონდი ლელი

სათემო ოქგანიზაცია „ ნუკრიანი“