სიახლეები

13
მარტი2019

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებით ECRI-ის მწვავე კრიტიკას უერთდებიან

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) 2019 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნაში (CRI(2019)4) მნიშვნელოვანი და კრიტიკული აქცენტები დასვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებით. ECRI მიიჩნევს რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა 2016 წლის 1 მარტის მეხუთე პერიოდულ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები.

კერძოდ, 2016 წელს კომისიამ სახელმწიფოს მიუთითა მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს რელიგიათა საბჭოს, რომელიც სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით მუშაობს. ECRI-ის რეკომენდაციით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი ექსპერტიზა და რეკომენდაციები, რელიგიური შეუწყნარებლობის და რელიგიის თავისუფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით. 2019 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ შეფასებაში ECRI მიუთითებს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის მაგალითები ამ წლების განმავლობაში ისევ არ არსებობს, მეტიც მათ შორის ინტერაქციაც კი მინიმალურ დონეზეა. კომისია გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში არსებულ მეჩეთთან დაკავშირებით, 2015 წელს განვითარებული რელიგიური კონფლიქტის დროსაც კი, სააგენტომ ვერ შეძლო ეთანამშრომლა რელიგიათა საბჭოსთან და სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მაშინ, როცა მუსლიმები სწორედ ამ ინსტიტუციის ჩართვას ითხოვდნენ იმ კომისიის მუშაობაში, რომელსაც მოხის მეჩეთთან დაკავშირებული კონფლიქტი უნდა განეხილა და მოგვარების გზები მოეძებნა.

კომისია ხაზს უსვამს რომ, თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ორ ორგანოს შორის შეინიშნება დაძაბულობა და ცალსახა აცდენაა მათ პოზიციებს შორის, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს გამოვლინდა 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში, როდესაც იყო ინიციატივა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. ამ ინიციატივის წინააღმდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ გამოვიდა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იყო რელიგიური ჯგუფებისთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის განეხილათ სააგენტო როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისთვის შექმნილი ინსტრუმენტი.

რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს მანდატისა და საქმიანობის მიმართ საკუთარი კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციების ნაწილს, ასევე სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს არაერთხელ გამოუხატავთ. პერიოდულად პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება მისი გაუქმების საკითხიც. სააგენტო 2014 წელს დაფუძნდა და 5 წელზე მეტია საქმიანობს, თუმცა საზოგადოებას არ ახსენდება რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის მხარდასაჭერად, ამ უწყების მიერ დაყენებული არც ერთი პროგრესული ინიციატივა და გადაწყვეტილება. ამის საპირისპიროდ, მას დღის წესრიგში რეგულარულად შემოაქვს უსაფრთხოებაზე, რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზებასა და ჩარევაზე ორიენტირებული რეგრესული იდეები და ინიციატივები. ეს პრობლემა ბოლო პერიოდში ყველაზე აშკარად რელიგიის შესახებ კანონის მიღების ინიციატივაში და სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან იერარქიზების და „არსებითად უმრავლეობის სასარგებლო“ ცვლილებების გატარების მიდგომაში გამოჩნდა. რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარი ყველა სისტემური პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და ადმინისტრაციული პრაქტიკის დონეებზე არსებობს, კვლავ მოუგვარებელი რჩება. მათ შორისაა კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერები, არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებით რესტიტუციის ვალდებულების შეუსრულებლობა, ისტორიული საკულტო ნაგებობების რესტავრაციის და დაცვის პროცესის ხელშეწყობა, დაფინანსების არსებული არადემოკრატიული და დისკრიმინაციული პრაქტიკების რევიზია, მიმდინარე კონფლიქტების სამართლიანი მოწესრიგება.

სააგენტომ ვერ შეძლო დემოკრატიის, თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სადისკუსიო პლატფორმის შექმნა, რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მეტიც, უწყებამ ნაკლებად შეძლო მთავრობის მაღალ წარმომადგენლებით დონეზე რელიგიური ორგანიზაციების კომუნიკაციის აწყობა და თავისუფალ გარემოში პოლიტიკის და კანონმდებლობის სისტემური ცვლილებისკენ მიმართული სამუშაო ფორმატების შექმნა. ჩვენი შეფასებით, სააგენტო არსებითად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზეა ორიენტირებული და მისი ურთიერთობა რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.

საინტერესოა, რომ ECRI-ის ამ კრიტიკული შეფასებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში წარმომადგენლის დანიშვნით უპასუხა, რაც ეფექტიანი მუშაობის მოჩვენების შექმნის მცდელობაა და კიდევ უფრო მიკრო დონეზე კონტროლის რისკებს ზრდის.

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პრემიერ-მინისტს, რომლის უშუალო დაქვემდებარეშიც მოქმედებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო:

  • განუხრელად შეასრულოს ECRI-ის რეკომენდაციები;
  • გადახედოს ამ უწყების მანდატს, სტრატეგიას და საქმიანობას და რელიგიის თავისუფლების სფეროში სამთავრობო პოლიტიკა ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს დააფუძნოს.
  • გააძლიეროს სახალხო დამცველის ეგიდით მოქმედ რელიგიათა საბჭოსთან მთავრობის კომუნიკაცია და დემოკრატიულ და თანასწორ ფორმატში, რელიგიური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და ინიციატივების მხარდაჭერა.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)