სიახლეები

18
ივლისი2013

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევარის ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2013 წლის პირველ ნახევარში  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა თემატიკას და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საკითხებს. იმავდროულად ანგარიშში ასახულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც მართალია საანგარიშო პერიოდს სცდება, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნიეთ ამ თემების განხილვა მოცემული ანგარიშის ფორმატში.

დოკუმენტში მოცემულია შეფასებები სახელმწიფოს როლისა და რეაგირების შესახებ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, მსჯელობა პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა მიმართ განხორციელებული ამნისტიის კანონის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, თავისუფლებისა და ხელშეუვალობის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების, შეკრება – მანიფესტაციის უფლების რეალიზების, რელიგიური შეუწყნარებლობის, ადგილობრივ თვითმართველობებზე ზეწოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აღნიშნავს სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი მიმართულებებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. იმავდროულად  ანგარიშში ყურადღებას ვამახვილებთ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა გამოსწორება და პრევენცია მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.

 

ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, 2013 წლის პირველი ნახევარი