სიახლეები

03
მაისი2013

განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, 2013 წლის პირველ მაისს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანის დაკავებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ბრალდებულების მიმართ წაყენებული ბრალი მოცემულია მტკიცებით ფორმაში. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია რომ: „2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა  დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს   მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის.“განცხადებაში ასევე მოცემულია საქმეზე დაკავებული კონკრეტული პირების სახელები და გვარები.

სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ფორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციურ უფლებასთან და არღვევს ბრალდებულ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ აღნიშნული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას (უნდა) მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშუალოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა.“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, არსებობს სხვაობა დანაშაულის ჩადენის ვარაუდის გამოთქმასა და ბრალის მტკიცებით ფორმით ჩამოყალიბებას შორის მაშინ, როდესაც პირი კანონით დადგენილი წესით დამნაშავედ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამ უკანასკნელს ევროპული სასამართლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევად მიიჩნევს.

მიუხედავად ხსენებული მოთხოვნებისა, სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები საქართველოში საკმაოდ ხშირია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სხვა შესაბამის უწყებასა თუ პირს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და გამონათქვამებს, ხოლო იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანის უფლებათა ხელყოფა, ბრალდებულთა მიმართ წაყენებულ ბრალდებას საზოგადოებას ნუ გააცნობენ როგორც უტყუარ ფაქტებს.