სიახლეები

13
დეკემბერი2019

14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს

14 დეკემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც, პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)