სიახლეები

09
ოქტომბერი2020

სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი

9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა სასამართლო სისტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფციის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია. კონცეფცია შემუშავდა არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების გათვალისწინებით. იგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ფუნქციურ და სისტემურ გაუმჯობესებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას და შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებას. დოკუმენტს ხელი 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე განახორციელონ კონცეფციაში მოცემული რეფორმები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ  კონცეფცია არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ღონისძიების ორგანიზატორებისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ხელმომწერი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" - ნინო ბურჯანაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - ლაშა ჩხარტიშვილი, „ევროპული საქართველო" - ელენე ხოშტარია, პარტია „სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია, „ლელო საქართველოსთვის" - ბადრი ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეები“ - ლევან იოსელიანი.
 

სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი

(რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებებს)

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდადემოკრატიული პროცესების წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე. შესაბამისად, ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ ამ დოკუმენტში მოყვანილი სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფციას და აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ, ვითანამშრომლებთ, რათა:

  1. პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომელშიც შეფასებული იქნება წარსულის გამოცდილება, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა, რომელსაც დეინსტიტუციონალიზებული, პოლიტიკურ გავლენების ქვეშ მოქცეული საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ქმნიდა. ასევე, რეზოლუციაში ასახული იქნება სასამართლოს სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის მიერ განსახორციელებელი სამომავლო გეგმები. რეზოლუციის შექმნა უნდა ეფუძნებოდეს სათათბირო დემოკრატიის პრინციპს, რომელშიც კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.
  2. შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და კლანური მმართველობისგან გათავისუფლების მიზნით სათათბირო დემოკრატიის გაძლიერებითა და კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურების იმპლემენტაციის გზით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესში ფუნქციური დატვირთვა უნდა მიენიჭოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უმცირესობის ინტერესებს.  კერძოდ:
    • ერთი მოსამართლე უფლებამოსილი უნდა იყოს, ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ ერთ კანდიდატს;
    • კონფერენციაზე არჩეულ უნდა იქნეს საუკეთესო შედეგის მქონე 8 კანდიდატი;
    • საბჭოს წევრი არჩეულ უნდა იქნეს 4 წლის ვადით;
    • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, დარჩენილი ვადით მის ადგილს უნდა იკავებდეს სიაში მომდევნო კანდიდატი.
  3. დაიხვეწოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი და პროცედურა უზენაეს სასამართლოში საუკეთესო კანდიდატების შერჩევის მიზნით გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. დეტალიზაციის მაღალი ხარისხით უნდა მოწესრიგდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, ასევე, უნდა დაინერგოს საბჭოს წევრის აცილების მექანიზმიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის გასაუბრების შეფასების დოკუმენტებს (ქულებს) მიენიჭოს შინაარსობრივი დატვირთვა და აისახოს პარლამენტის წინაშე წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცესზე.
  4. უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. კერძოდ:
    • მოსამართლეები უნდა ინიშნებოდნენ ღია სხდომაზე ღია კენჭისყრით, მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების ფარგლებში;
    • ჩამოყალიბდეს მოსამართლის კაბინეტი, რაც გულისხმობს მოსამართლის მიერ საკუთარი თანაშემწეებისა და სხდომის მდივნის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის უფლებამოსილებას;
    • უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა წახალისებისა და დაწინაურების ცხადი და არადისკრიმინაციული სისტემა;
    • მოსამართლეები სასამართლოების თავმჯდომარეებს თავად უნდა ირჩევდნენ.
  5. გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოერთვას დომინანტური პოზიცია.
  6. დაიხვეწოს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემადამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი უნდა გაუმჯობესდეს და შეიქმნას მისი დამოუკიდებლობის გარანტიები.
  7. გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. საგამონაკლისო ნორმებით ერთჯერადად უნდა განხორციელდეს სასამართლოში ახალი ნაკადის შედინება.
  8. გაიზარდოს ნაფიც მსაჯულთა როლი და არეალი, რაც გულისხმობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას იმ ტიპის სამართალწარმოებაში, რომლის ფარგლებშიც პირს პასუხისმგებლობის სახით შესაძლოა დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა.
  9. სახელმწიფომ ხელი შეუწყოს არბიტრაჟის როლის ზრდასრაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს არბიტრაჟის სანდოობის ზრდას. კერძოდ, შემუშავდეს საარბიტრაჟო ეთიკის ნორმები, მოხდეს სამომხმარებლო არბიტრაჟის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა და დაიხვეწოს საარბიტრაჟო ინსტიტუტებში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები.
  10. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები უზრუნველყოფილ იქნან შრომის სამართლიანი პირობებით. აგრეთვე, სასამართლო აპარატში თანამშრომლების მიღება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს.