წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

 

2012 წელ

 

შინაარსი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

მუხლი 2.  „GDI“-ის  საქმიანობის მიზანი და საგანი 

მუხლი 3. „GDI“-ის  საქმიანობის ფორმა  

მუხლი 4. GDI“-ის  წევრობა, დამფუძნებელ წევრთა (წევრთა) უფლება–მოვალეობები

მუხლი 5.   GDI“-ის  დამფუძნებელთა კრება    

მუხლი 6.   GDI“-ის  გამგეობა

მუხლი 7.   ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა 

მუხლი 8.  GDI“-ის ქონება 

მუხლი 9.  ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.             არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება  ქართულად: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

1.2.             არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  სახელწოდება ინგლისურად: “Georgian Democracy Iniciative” (GDI).

1.3.             „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (შემდგომში“GDI”) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების და ამ წესდების შესაბამისად.

1.4.             “GDI”ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.  

1.5.             “GDI” არსებობს განუსაზღვრელი ვადით.

1.6.            “GDI”–ის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, შ.ნუცუბიძის ფერდ. IV მ/რ კორ.12, ბ.26.

1.7.            „GDI”-ის ოფიციალური ვებ გვერდია - www.gdi.ge, ხოლო ოფიციალური ელ.ფოსტის მისამართია - contact@gdi.ge

1.8.            “GDI” თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

1.9.            “GDI”–ის გააჩნია საკუთარი ქონება, აგრეთვე ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში. “GDI” უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს ფილიალები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებობდეს და განკარგოს მისი აქტივები, საქართველოს კანონმდებლობისა და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს სამეურნეო/ეკონომიკურ საქმიანობაში “GDI–ის ამოცანების განხორციელების მიზნით, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟსა და სასამართლოში წარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

1.10.          “GDI თავისი დამფუძნებელი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. “GDI–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. “GDI–ის ვალდებულებებისათვის მისი დამფუძნებელი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს “GDI საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) პირადი ვალდებულებებისათვის.

 

მუხლი 2.   „GDI“–ის  საქმიანობის მიზანი და ამოცანები:

2.1 „GDI“–ს მიზნია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

2.2  აღნიშნული მიზნის მისაღწევად „GDI“-ს ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:

ა) ადამიანის  უფლებების პოპულარიზაცია და მათ დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) ინკლუზიური საზოგადოებისა და ტოლერანტული გარემოს წახალისება;

გ) დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება;

დ) საჯარო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულობისა და ტრანსპარენტულობის ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ფორმა

3.1.“GDI” ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

3.2. “GDI” უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება “GDI”–ის დამფუძნებელ წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

 

მუხლი 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრობა, დამფუძნებელთა უფლება–მოვალეობები

4.1. “GDI“–ის დამფუძნებლები არიან:

ა) გიორგი ტუღუში

ბ) ქეთევან ცხომელიძე

გ) გიორგი ვაშაკიძე

დ) გიორგი მშვენიერაძე

 

4.2. “GDI”–ის დამფუძნებელობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის. დამფუძნებლებს აქვთ თანაბარი უფლებები.

4.3.  დამფუძნებელს უფლებამოსილება უწყდება:

ა) წერილობითი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

დ) წინამდებარე წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძლის არსებობისას დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით;

ე) კანომდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

4.4. “GDI”–ის დამფუძნებელობიდან გარიცხვა ხდება დამფუძნებელთა კრების მიერ წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

4.5. “GDI”–ის დამფუძნებელს  უფლება აქვს:

ა) იყოს “GDI”–ის გამგეობის წევრი;

ბ) მონაწილეობდეს “GDI”–ის პროგრამებში მისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;

გ) ისარგებლოს “GDI”–ის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით  და მატერიალურ–ტექნიკური საშუალებებით საწესდებო მიზნების განხორციელებისას;

დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია “GDI”–ის ხელმძღვანელი ორგანეობისა და პირებისგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;

ე) მონაწილეობა მიიღოს “GDI”–ის საქმიანობაში (მათ შორის დამფუძნებელთა კრების საქმიანობაში).

4.6. “GDI”–ის დამფუძნებელი მოვალეა:

ა) გაუფრთხილდეს “GDI”–ის ღირსებასა და ავტორიტეტს, კეთილსინდისიერად გაუძღვეს საქმეს;

ბ) დაიცვას კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი მოთხოვნები;

გ) არ გაახმაუროს “GDI”–ის საქმიანობის კონფიდენციალური ინფორმაცია.

 

მუხლი 5.   “GDI”–ის დამფუძნებელთა კრება

5.1. „GDI“–ის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა დამფუძნებელთა კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ. დამფუძნებელთა კრება იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ  წელიწადში ერთხელ.

5.2. დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამფუძნებელთა ნახევარზე მეტი მაინც. კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ დამფუძნებელს აქვს ერთი ხმა.

5.3. „GDI“–ის დამფუძნებელთა კრება მოიწვევა გამგეობის მიერ:

ა) საკუთარი ინიციატივით;

ბ) გამგეობის თავმჯდომარის, დირექტორის ან დამფუძნებელთა კრების წევრთა  ნახევრის  მოთხოვნით ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

5.4. დამფუძნებელთა კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სხვა დამფუძნებლებისათვის მიწოდებულ იქნას:

ა) დაზღვეული წერილით;

ბ) პირადად ჩაბარდეს ადრესატს;

გ) გაეგზავნოს ელ. ფოსტის მეშვეობით.

5.5. მოწვევის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს კრების ჩატარებამდე 10 კალენდარული დღით ადრე მაინც. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს კრების ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი და დღის წესრიგი.

5.6. დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება დამფუძნებელთა ნახევარზე მეტი. დამფუძნებელს უფლება აქვს კრების საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით.

5.7. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, გამგეობის მიერ იგივე ვადებში და წესით მოიწვევა განმეორებითი დამფუძნებელთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია დამსწრეთა ოდენობის მიუხედავად.

5.8. კრების მუშაობას ხელმძღვანელობს კრების თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა დამსწრე დამფუძნებლების მიერ.

5.9. კრების გადაწყვეტილებას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

5.10.  დამფუძნებელთა კრება:

ა) დამსწრეთა ორი მესამედის თანხმობით:

ა.ა) იღებს წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში, (გარდა დამფუძნებელთა შემადგენლობაში ცვლილებისა, რომლის მისაღებად დამსწრეთა უბრალო უმრავლესობაა საკმარისი);

ა.ბ) გამგეობის წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას “GDI”–ის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ.

ბ) დამსწრეთა უმრავლესობით:

ბ.ა) იღებს გადაწყვეტილებას დამფუძნებელის “GDI”–დან გარიცხვის შესახებ;

ბ.ბ)  იღებს გადაწყვეტილებას წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე;

გ) ირჩევს გამგეობის არჩევით წევრებს;

                                                     

 მუხლი 6.   “GDI“–ის  გამგეობა

6.1. “GDI“–ის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა – მეთვალყურეთა საბჭო, რომელიც შედგება არაუმეტეს 9 წევრისაგან.

6.2. გამგეობის წევრები არიან დამფუძნებლები და ასევე დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეული წევრები. გამგეობის არჩევითი წევრი აირჩევა 2 წლის ვადით. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება დამფუძნებელთა კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

6.3. გამგეობის პირველივე სხდომაზე, რომელსაც უძღვება უხუცესი წევრი, გამგეობის წევრთაგან აირჩევა გამგეობის თავმჯდომარე ორი წლის ვადით. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ 3 ხმისა. თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს გამგეობის ყველა წევრს.

6.4. გამგეობის თავმჯდომარე:

ა) უზრუნველყოფს გამგეობის სხდომის მოწვევას და ჩატარებას;

ბ) შეიმუშავებს გამგეობის სხდომის დღის წესრიგს;

გ) უძღვება გამგეობის სხდომების მიმდინარეობას;

დ) ადგენს გამგეობის სხდომის ოქმს;

ე) გამგეობის სახელით ხელს აწერს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ვ) წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ზ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

თ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6.5. გამგეობის  სხდომები იმართება წელიწადში ოთხჯერ მაინც. სხდომის მოსაწვევები იგზავნება არანაკლებ 5 დღით ადრე სხდომის ჩატარების თარიღამდე და შეიცავს დღის წესრიგს.

6.6. გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.7. თუ გამგეობის სხდომა უფლებამოსილი არ არის, გამგეობის თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს ახალი სხდომა მის ჩატარებამდე 3 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილი იქნება, თუ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება წევრთა მესამედზე მეტი.

6.8. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა დირექტორის, გამგეობის თავმჯდომარის, არანაკლებ გამგეობის 2 წევრის მოთხოვნით. გამგეობის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ დაუყოვნებლივ.

6.9. გამგეობის წევრები პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უნდა დაესწრონ სხდომას. თუ რომელიმე წევრს არ შეუძლია სხდომაზე დასწრება, მას დღის წესრიგში შემავალ საკითხებზე შეუძლია აზრი გამოთქვას და ხმა მისცეს ელექტრონული კომუნიკაციის (მეილი, ფაქსი და სხვა) მეშვეობით, რომლის შესახებაც მან სხდომამდე წერილობით უნდა აცნობოს თავმჯდომარეს. გამგეობის სხდომა შესაძლოა ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეოტრანსლაცია, სკაიპი, ჩატი, ელ.ფოსტა და სხვა) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროცედურით სხდომის ჩატარების შესახებ წინასწარ თანხმობას გამოთქვამს გამგეობის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

6.10. გამგეობა:

ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს;

ბ) იწვევს დამფუძნებელთა კრებას. უზრუნვლყოფს კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის ორი კვირით ადრე დამფუძნებლისთვის მიწოდებას, აგრეთვე კრების ჩატარებას;

გ) შეიმუშავებს “GDI”–ის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს დამფუძნებელთა კრებისათვის წარსადგენად, უზრუნველყოფს დამფუძნებელთათვის ამ პროექტის ხელმისაწვდომობას კრებამდე  ერთი თვით ადრე;

დ) შეარჩევს “GDI”–ის დირექტორს  და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას;

ე)  უზრუნველყოფს “GDI”–ის სახელფასო ფონდის და საშტატო განრიგის დამტკიცებას;

ვ)  იღებს “GDI”–ის თანამშრომელთაგან წერილობით საჩივრებს, განიხილავს და გადაწყეტს მათ;

ზ) უზრუნველყოფს “GDI”–ის ყველა ოპერაციის, საშუალებისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას გამგეობის წევრთათვის.

თ) უზრუნველყოფს “GDI”–ის საქმიანობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვას;

ი) განსაზღვრავს დირექტორის ფუნქციებსა და უფლებამოსილების სფეროს, ახორციელებს მეთვალყურეობას და კონტროლს  მის საქმიანობაზე;

კ) უფლებამოსილია მოითხოვოს დირექტორისაგან ანგარიშის წარმოდგენა ნებისმიერ დროს;

ლ) განიხილავს და ამტკიცებს “GDI”–ის პოლიტიკას, სტრატეგიას, სტრატეგიული განვითარების გეგმას და საქმიანობის მიმართულებებს;

მ) ამოწმებს “GDI”–ის საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებს, ფინანსურ ანგარიშგებებს, თავად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით;

ნ) განიხილავს და ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშგებას “GDI”–ის  საქმიანობის შესახებ, ასევე ფინანსურ ანგარიშგებებს;

ო) ამტკიცებს “GDI”–ის შინაგანაწესს,  შიდა კონტროლისა და პროცედურული საკითხების სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებს;

პ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება დამფუძნებელთა კრებისა და დირექტორის კომპეტენციას.

6.11. გამგეობის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება:

ა) დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით;

ბ) წერილობითი განცხადების საფუძველზე;

გ) გარდაცვალებისას;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

ე) კანომდებლობითა და წესდებით დადგენილ სხვა შემთხვევაში. 

 

მუხლი 7.   ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1.  “GDI“–ის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს გამგეობის მიერ მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში. დირექტორი მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს გამგეობის თავმჯდომარე.

7.2. დირექტორს  შეარჩევს გამგეობა და 1 წლის ვადით აფორმებს მასთან ხელშეკრულებას.

7.3. “GDI“–ის დირექტორი:

ა) მოქმედებს “GDI”–ის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ბ) ადგენს წლიურ ანგარიშებს “GDI”–ის საქმიანობის შესახებ, ასევე  წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებს სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში და წარუდგენს მათ გამგეობას განსახილველად.

გ) ადგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ნახევარწლიურ ანგარიშგებებს და შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან 45 კალენდარულ დღეში წარუდგენს მათ გამგეობას;

დ) ადგენს კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებებს და შესაბამისი კვარტლის დასრულებიდან 20 კალენდარულ დღეში წარუდგენს მათ გამგეობას დასამტკიცებლად;

ე) ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს მას გამგეობას განსახილველად გამგეობის მიერ დადგენილ ვადებში;

ვ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს, პასუხისმგებელია მათ სწორად გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ დოკუმეტაციას;

ზ) დებს ხელშეკრულებებს “GDI”–ის სახელით;

თ) გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტის კოორდინატორებს;

ი) გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს “GDI”–ის თანამშრომლებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში გამგეობას და/ან დამფუძნებელთა კრებას წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობაზე;

ლ) პასუხისმგებელია სავალდებულო აღრიცხვის უზრნველყოფაზე და უფლებამოსილი ორგანოების მიერ დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდაზე;

მ) ვალდებულია წარუძღვეს “GDI”–ის საქმიანობას გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით, მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების საფუძველზე. თუ ის არ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვალდებულია აანაზღაუროს ორგანიზაციისათვის ამგვარი ქმედებით თუ უმოქმედობით მიყენებული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.4. „GDI“–ის დირექტორს უფლება აქვს დაესწროს დამფუძნებელთა კრებას, გამგეობის სხდომას და როგორც დირექტორმა სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

მუხლი 8.  „GDI“–ის ქონება

8.1. “GDI”–ის შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს სხვადასხვა უძრავ–მოძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2. “GDI”–ის ქონების და ფინანსური სახსრების წყაროებს შეადგენს: დამფუძნებელი წევრის (წევრების) შენატანები, ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი, გრანტები და სხვა სახის კანონიერი შემოსავლები, რომლებიც მოიპოვება ორგანიზაციის მიერ მისი ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

8.3. დაუშვებელია “GDI”–ის ქონების განაწილება  დამფუძნებლებს, გამგეობის წევრებს ან სპონსორებს შორის, ასევე ორგანიზაციის რესურსების არაკანონიერად გამოყენება.

8.4. “GDI”–ის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას. 

 

მუხლი 9.  ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

9.1. “GDI”–ის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შესაძლებელია დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.2. ლიკვიდირებული “GDI”–ის  ქონება უნდა გამოიხატოს ფულში და დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. დარჩენილი ქონება გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

9.3. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

10.1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წინამდებარე წესდების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2. ამ წესდების რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად (ბათილად) აღიარება გავლენას ვერ იქონიებს მთლიანი წესდების იურიდულ ძალაზე.