2016 წლის 19 სექტემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ გამართა კვლევის "დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“ პრეზენტაცია. კვლევა და მისი პრეზენტაცია განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კვლევის მიზანი იყო იმის იდენტიფიცირებაა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი პრაქტიკაში და რამდენად საჭიროა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის თუ პრაქტიკის გაუმჯობესება. ამ მიზნითმოცემული კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნაანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ საერთო სასამართლოებში განვითარებული პრაქტიკა და სახალხო დამცველის საქმიანობა. კვლევაში მიმოხილულია, როგორც აღმოჩენილი საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზები, ასევე პოზიტიური მიგნებები და ტენდენციები. მათ საფუძველზე კი საბოლოოდ მომზადდა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისათვის.
მთლიანობაში კვლევა იძლევა იმის ნათელ სურათს, თუ რა მდგომარეობაა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით საერთო სასამართლოებში და სახალხო დამცველის აპარატში.
კვლევის შედეგად სასამართლო პრაქტიკაში გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:
საერთო სასამართლოები არ ამუშავებენ და აღრიცხავენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს, რაც ართულებს ამ მიმართულებით სრულყოფილი სტატისტიკის მიღების შესაძლებლობას;
სასამართლო ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების გადაწყვეტისათვის დადგენილ სპეციალურ ნორმებს, რომელთა მიზანიც მოსარჩელესათვის სამართალწარმოების გაადვილებაა;
სასამართლო ხელოვნურად ყოფს დავას ადმინისტრაციულ და დისკრიმინაციის დავად, რაც ასევე ართულებს მოსარჩელეებისათვის (დისკრიმინაციის მსხვერპლებისათვის) სამართალწარმოებას. ამავდროულად, მსგავსი მიდგომა არ წარმოადგენს კანონმდებლობის სისტემური გააზრების შედეგს და ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება საფრთხეს უქმნის დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სათანადოდ დაცვას;
სასამართლო პრაქტიკაში არ იკვეთება დისკრიმინაციის საქმეების გადაწყვეტისათვის დადგენილი მტკიცების ტვირთის გამოყენების თანმიმდევრული და ცალსახა მიდგომა;
განვითარებული პრაქტიკა ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო ზღუდავს საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს და ფაქტობრივად სასამართლო კონტროლს მიღმა ტოვებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იქნა მიღებული.
სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით კი გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები
სახალხო დამცველთან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მასალების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ ადმინისტაციულ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ, მათგან განსხვავებით კი კერძო პირები არ არიან ვალდებულები მიაწოდონ საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალები და სხვა ინფორმაცია სახალხო დამცველს. ამის გაკეთება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რეკომენდაციას ან/და ზოგად წინადადებას ხშირ შემთხვევაში სწორედ კერძო პირები არ ასრულებენ;
კანონი ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საქმეთა შეჩერებისა თუ შეწყვეტის ისეთ საფუძვლებს, რომელიც არაეფექტურს ხდის მის საქმიანობას;
სახალხო დამცველი არათანმიმდევრულია გენდერული სიძულვილის შემცველ და სტერეოტიპულ გამონათქვამების შეფასებისას.