სიახლეები

06
აგვისტო2018

„ბირჟა მაფიის“ წევრი, გიორგი ქებურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ

დღეს, 2018 წლის 6 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მუსიკალური პროექტის „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას სარჩელს, საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. გიორგი ქებურია საქართველოს პროკურატურისგან უკანონოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

გიორგი ქებურია 2017 წლის ივნისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მან წინასწარ პატიმრობაში რამდენიმე დღე გაატარა. 2017 წლის დეკემბერში კი პროკურატურამ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

გიორგი ქებურიამ სასამართლოს GDI-ს დახმარებით მიმართა და მატერიალური და მორალური ზიანისთვის ჯამში 36 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. ამ დროისთვის საქმე მოსამზადებელ ეტაპზეა. პირველ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩართო.