სიახლეები

18
იანვარი2018

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კონკურსს აფასებენ


უსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი. კონკურსის მიმდინარეობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მიუხედავად დღემდე განხორციელებული რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმისა მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა არ გაუმჯობესებულა და  კვლავაც მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.

კონკურსის მიმდინარეობა:

❖  სასამართლოებში არსებულ 52 ვაკანტურ პოზიციაზე 84 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათგან ფორმალური შემოწმება გაიარა და გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 82.

❖  გასაუბრების ეტაპზე ორმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, ხოლო  ერთი არ გამოცხადდა. შესაბამისად, გასაუბრება გაიარა 79-მა კონკურსანტმა.

❖ გასაუბრების ეტაპზე 28 კანდიდატმა მოითხოვა სხდომის დახურვა, მათ შორის იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 მოსამართლე წევრი, საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრი, საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი და საბჭოს აპარატის თანამშრომელი. აქედან 14 კანდიდატი მოსამართლედ დაინიშნა.

❖ კენჭისყრის დღეს სამმა კანდიდატმა მოულოდნელად მოხსნა კანდიდატურა. დარჩენილი 76 კანდიდატიდან 19 კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი, შესაბამისად, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 57 კანდიდატი.

❖  საერთო ჯამში, 57 კანდიდატიდან მოსამართლედ დაინიშნა 34. ამათგან: 15 სკოლის მსმენელი (დაინიშნებიან 3 წლის ვადით), 1 ყოფილი მოსამართლე და 18 მოქმედი მოსამართლე (დაინიშნებიან უვადოდ). 18 თანამდებობა დარჩა ვაკანტური.

❖  კონკურსის შედეგად დანიშნული 15 სკოლის მსმენელისგან 10 მათგანი სკოლაში ჩარიცხვამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო 2 არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი.

 

პოზიტიურად უნდა შეფასდეს:

●      გაუმჯობესებულია გასაუბრების ეტაპზე დასმული შეკითხვების ხარისხი

იმ კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე დაკვირვებამ, რომელიც ღია სხდომაზე ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ წინა კონკურსებთან შედარებით შეკითხვების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კანდიდატებს ძირითადად თანაბარი სირთულის შეკითხვები დაესმოდათ. შეკითხვების უმრავლესობა პროფესიული ცოდნის შეფასებას ემსახურებოდა, თუმცა კანდიდატებს ჰქონდათ საკუთარი გამოცდილებისა და ღირებულებების წარმოჩენის შესაძლებლობაც.

ნეგატიურად უნდა შეფასდეს:

●      კანდიდატების დიდი ნაწილის მიერ გასაუბრების ეტაპის დახურვა

კონკურსის ფარგლებში, განსაკუთრებით პრობლემური იყო ის ფაქტი, რომ 28 კანდიდატმა გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვა.[1] მათგან 14 მოსამართლედ დაინიშნა (5 მსმენელი და 9 მოქმედი მოსამართლე). უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც კონკურსის ერთადერთ ღია ეტაპს წარმოადგენდა. მოცემულ კონკურსში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის კონკურსანტის მიერ გასაუბრების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფით ტენდენციაზე მიუთითებს, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უფრო მეტად დახურულს ხდის და მის მიმართ საზოგადოების სანდოობას კიდევ უფრო ამცირებს.

●      ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევები

ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კანდიდატებმა, რომელთან დაკავშირებითაც ნეპოტიზმის შესაძლო რისკები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვეს. მათ შორის დახურული გასაუბრების შედეგად თანამდებობაზე დაინიშნენ საბჭოს ორი მოსამართლე წევრი (ლევან თევზაძე, სერგო მეთოფიშვილი), საბჭოს მოსამართლე წევრის ნათესავი (თემურ გოგოხია) და საბჭოს აპარატის თანამშრომელი (თინა ვაშაყმაძე). გასაუბრების დახურულ სხდომაზე წარმართვა მოითხოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მეუღლემაც (მაია კვირიკაშვილი).ამ შემთხვევებში უარყოფითად უნდა შეფასდეს, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, კონკურსანტების მიერ გასაუბრების ეტაპის დახურვა.  მოცემულ კანდიდატებთან მიმართებით, პროცესის ღიაობა შესაძლებელს გახდიდა გაქარწყლებულიყო კონკურსის ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით არსებული კითხვები და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა ამაღლებულიყო.

●      განსხვავებული აზრის დევნის შესაძლო შემთხვევები

იმ 76 კანდიდატიდან, რომელთაც გასაუბრება გაიარეს, კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა 19 კონკურსანტი, რომელთაც კანონის შესაბამისად, ეზღუდებათ აღნიშნული გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭომ, შესაძლოა, კენჭისყრამდე გამიზნულად არ მიიყვანა არასასურველი კანდიდატები.   მსგავს ეჭვებს განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მაგალითად, ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა, გასაუბრებისას საბჭოს მოსამართლე წევრმა განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული  კრიტიკული კომენტარის გამო, რომელიც საბჭოს მიემართებოდა. ასევე, არარელევანტურად უნდა შეფასდეს შეკითხვა ერთ-ერთი კანდიდატის მეუღლის მიერ საბჭოს წინააღმდეგ წარმოებული დავის შესახებ. საბოლოოდ, აღნიშნულ კანდიდატსაც უარი ეთქვა მოსამართლედ დანიშვნაზე.

კენჭისყრის მიმდინარეობისას ასევე ცნობილი გახდა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც ამავდროულად კონკურსანტი იყო, დახურულ გასაუბრებაზე არამოსამართლე წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის აცილება მოითხოვა, რაც საბჭოს მიერ კენჭისყრით დაკმაყოფილდა. საზოგადოებისთვის უცნობია რამდენად საფუძვლიანი იყო აცილების მოთხოვნა და ჩნდება ეჭვი, რომ ის შესაძლოა უკავშირდებოდეს საბჭოს მოსამართლე წევრების სუბიექტურ უარყოფით დამოკიდებულას ვახტანგ მჭედლიშვილის მიმართ.

●      მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციის დაბალი დონე

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ კანდიდატების დიდი ნაწილის კვალიფიკაციის დონე შეუსაბამო იყო მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან. გასაუბრების ეტაპზე გამოვლინდა ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების მიერ პრეცენდენტული სამართლის როგორც ცოდნის, ისე მისი გამოყენების პრობლემა. ასევე, უმეტეს შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების ცოდნა ამ მიმართულებით, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს რომ სკოლაში არასათანადო ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებებისა და პრეცენდენტული სამართლის სწავლებას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი  ნაწილის არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციის დონე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის შედეგად 15 სკოლის კურსდამთავრებული დაინიშნა, მათგან 10 სკოლაში ჩარიცხვამდე მოსამართლის თანაშემწედ  მუშაობდა, ხოლო 2 დასაქმებულია საბჭოს აპარატში. შესაბამისად, პრობლემურია სასამართლოებში სისტემის გარედან ახალი კადრების შედინების მინიმალური მაჩვენებელიც.

რეკომენდაციები:

●    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის  კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე; გასაუბრების ეტაპის ღია სხდომაზე ჩატარების წესი განისაზღვროს კანონის დონეზე;

●    დროულად დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სკოლის სათანადო დამოუკიდებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, ისე მაღალკვალიფიციური მოსამართლეობის კანდიდატების მომზადებას;

●    მოსამართლედ გამწესებაზე უარის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კანონით განისაზღვროს ყველა კანდიდატისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც კენჭისყრის ეტაპზე გადავა.

 

 საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

 


[1] სხდომის დახურვის შესაძლებლობას კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის გადაწყვეტილება აძლევს.