არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, 8 ივნისს, ახალციხეში, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის“ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშკარა ხელის შეშლასთან დაკავშირებით. კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მერიამ კამპანია „დაიცავი თავისუფლებას“ წერილობით უარი უთხრა ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა.

 

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს,როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას,ხოლო “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა ადგილებში შეკრება-მანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება,არამედ,მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას - პარკში, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია მსგავს ვითარებაშიც იცავს შეკრების თავისუფლებას და მოცემული არგუმენტით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა სცდება ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ ფარგლებს.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, არც ერთი ადგილობრივი თუ ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ნებართვა არ არის საჭირო შეკრების/მანიფესტაციის ჩასატარებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, ნებართვისაგან უნდა გაიმიჯნოს წინასწარი გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს და არ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას, ნება დართოს ან არ დართოს შეკრების/მანიფესტაციის გამართვას. აღნიშნულ საკითხებზე რაიმე სახის სანებართვო სისტემის დაწესებას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების უკანონოდ გამოცხადება ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება.

ხელმომწერები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი - MDF
თავისუფლების ინსტიტუტი - Liberty Institute
ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო
ლგბტ საქართველო -LGBT Georgia