სიახლეები

07
ივნისი2018

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციების განცხადება აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 აპრილს აფრიკელი სტუდენტების მიმართ, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტს. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზანად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.  

როგორც ცნობილია, 8 აპრილს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალურ  მოედანზე რამდენიმე უცხოელი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული მამაკაცების ჯგუფმა, სავარაუდოდ რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე, სტადიონიდან გააძევა.
იმავე დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული შემთხვევის ამსახველ ვიდეოებში[1] ცხადად ჩანს, რომ მოძალადეები შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით და  ცივი იარაღით,  დაზარალებულების მიმართ იყენებდნენ სიძულვილის ენას. იგივე დასტურდება სტუდენტების მიერ პოლიციისათვის მიცემულ განმარტებებში, რაც ადასტურებს, დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციულ მოტივს.

თავდაპირველად, ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა  უცხოელ სტუდენტებს ურჩიეს,  რომ დაპირისპირება არასამართლებრივ ფორმატში მოეგვარებინათ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი გამოძიება დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით. გამოძიებას საქმისთვის რასობრივი დისკრიმინაციის  კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. ჩატარებულია რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირებს პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაკისრებიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების გულგრილობისა და გამოვლენილი რასისტული ძალადობის მიმართ ლოიალობის ფაქტის შესახებ და გენერალურ ინსპექციას საკითხით დაინტერესებისკენაც მოუწოდებდნენ[2], თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, ე.წ. “ამხანაგურ მატჩთან” დაკავშირებით[3] მიმართული ყოფილიყო სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და საზოგადოებაში შემწყნარებლობის წახალისებისაკენ; ხოლო დანაშაული და რასიზმი მკაფიოდ დაგმობილიყო თანამდებობის პირების მიერ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გამოვლინდა სტუდენტებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა. სამართალდამცავები და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სტუდენტების ნაწილზე, რომ მათ უარი განაცხადონ უკვე მიცემული ჩვენებების სისწორეზე და შეცვალონ მათი შინაარსი, რათა გამოძიება შეწყდეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით.

მიგვაჩნია, რომ გამოძიება  არაობიექტურად  მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკიდურესად საგანგაშოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მცდელობა დანაშაულის შესაძლო მიჩქმალვისა და გამოძიების შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე და ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან გამოძიებას.

მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  1. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
  2. გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების მოკვლევა.
  3. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაასაჯაროოს გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.

საქართველოს პროკურატურას:

  1. შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
  2. გამოძიების მიმდინარეობისას გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს საქმის გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფს.

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კავშირი “საფარი”

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)



[2] არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, 09.04.2018 http://www.tdi.ge/ge/statement/arasamtavrobo-organizaciebi-shakvkanian-studentebze-tavdasxmis-shesaxeb

[3] http://netgazeti.ge/news/267875/

TDI კახა კალაძის ინიციატივასა და განცხადებებს ეხმაურება http://www.tdi.ge/ge/statement/tdi-kaxa-kalazis-iniciativasa-da-gancxadebebs-exmaureba