ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“პრეზენტაცია

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“  პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ქრონოლოგიურად არის ასახული 2016 წლის 22 მაისს კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ანგარიშის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას.

 

ანგარიში კიდევ ერთხელ თვალნათლივ ცხადჰყოფს, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

 

დამაფიქრებელია სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული კორცხელში, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა ქმედებები, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებას, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დროულად და სწორ კვალიფიკაციაზე უარის თქმას, სამართალის შერჩევითად გამოყენების შემთხვევებს, მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების  არასწორად წარმოჩენას.

 

საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.

 

ანგარიშის სრული ვერსია